2022 წლის 3 ნოემბერს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდიუმის სხდომაზე ინფორმაციით „კრიმინოლოგიის მეცნიერების განვითარების მიმართულებით განხორციელებული საქმიანობის შესახებ“ წარსდგა პროფესორი მალხაზ ბაძაღუა

ბეჭდვა

 

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდიუმის სხდომაზე წარმოდგენილი ინფორმაცია აკადემიის პრეზიდიუმმა იმსჯელა და ცნობად მიიღო.

 

ი ნ ფ ო რ მ ა ც ი ა

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მიერ კრიმინოლოგიის მეცნიერების განვითარებისათვის განხორციელებული საქმიანობის შესახებ

კრიმინოლოგია სხვა სოციალურ მეცნიერებათა შორის შედარებით ახალი დარგია. პირდაპირი მნიშვნელობით იგი დაიბადა სამართლის (სისხლის სამართლის) მეცნიერების წიაღში მე-18 საუკუნის მე-2 ნახევარში განვლო ევოლუციური განვითარება კლასიკურიდან თანამედროვე პერიოდამდე.

დღეს, თანამედროვე კრიმინოლოგია წარმოადგენს დანაშაულობის, როგორც ანტისოციალური მოვლენების შემსწავლელ, ფუნდამენტურ მეცნიერებებზე დაყრდნობილ, დარგთაშორის კომპლექსურ მეცნიერებას, ვინაიდან, დანაშაულობის, დამნაშავე პიროვნების და მსხვერპლის შესწავლა მხოლოდ კომპლექსური დარგთაშორისი კვლევების საფუძველზეა შესაძლებელი. ამასთან დანაშაულობის პრობლემა ყოველთვის იყო, არის და იქნება საზოგადოებისთვის ყველაზე უფრო საფრთხის შემცველი, მგრძნობიარე თემა, რასაც სისხლის სამართლის დანაშაულისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოფიციალური სტატისტიკაც ცხადყოფს, რაც განსაზღვრავს კრიმინოლოგიის მეცნიერების მნიშვნელობას სახელმწიფოსა და საზოგადოებაში.

XXI საუკუნეში კრიმინოლოგიის მიმართულებით ქვეყანაში წამყვან ორგანიზაციას წარმოადგენს საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემია. მინდა მოგაწოდოთ ზოგიერთი საგულისხმო ინფორმაცია კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიასთან დაკავშირებით, რომელიც დაფუძნდა 2017 წლის 27 დეკემბერს ა(ა)იპ-ი „დანაშაულობის კვლევისა და პროგნოზირების ცენტრისა“ და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის კრიმინოლოგიის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტის ბაზაზე.

საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემია გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სამართლისა და კრიმინოლოგიის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტთან ერთად 2007 წლიდან ქართულ და ინგლისურ ენაზე გამოსცემს საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკულ ჟურნალ „კრიმინოლოგს“ და ამ ჟურნალის დამატებას.

2018 წლის 25 ოქტომბერს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიასა და საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიას შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი.

კრიმინოლოგია, ვინაიდან წარმოადგენს დარგთაშორის კომპლექსურ მეცნიერებას, აკადემიაში გაერთიანებულია საქართველოდან და საზღვარგარეთი ქვეყნებიდან სამართლის, სოციოლოგიის, ეკონომიკის, საჯარო მმართველობის, მედიცინისა და სხვა დარგის დოქტორის ხარისხის მქონე წარმატებული მეცნიერები. აკადემიის საპატიო უცხოელ წევრებად არჩეულია, აშშ-დან: ამერიკის კრიმინოლოგიური საზოგადოების აღმასრულებელი დირექტორი, ნებრასკის უნივერსიტეტის პროფესორი კრისტ ესკრიჯი; ამერიკის კრიმინოლოგიური საზოგადოების ყოფილი პრეზიდენტი, ამერიკის იუსტიციის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ყოფილი დირექტორი, მეირლენდის უნივერსიტეტის პროფესორი ჯონ ლაუბი; ტეხასის სოფლის მეურნეობისა და მექანიკის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი მაინ ჰუნ რო; ჩრდილოეთ კენტუკის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ჯი-სან ლი; რუსეთის ფედერაციიდან: მსოფლიოს ვიქტიმოლოგიური საზოგადოების წევრი, პროფესორი ვიტალი კვაშისი; პოლონეთიდან: ევროპარლამენტის პრეზიდიუმის წევრი, ვარშავის უნივერსიტეტის პროფესორი კაროლ კარსკი; გაეროს ადამინის უფლებათა დაცვის სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარე, ვარშავის კარდინალ სტეფან ვიშინსკის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორი ელზბიეტა კარსკა;

საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიას ასევე ურთიერთ­თანამშ­რომლობის მემორანდუმები გაფორმებული აქვს: გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტთან, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან, სოხუ­მის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, შოთა რუსთაველის სახელობის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტთან. აკადემია სხვადასხვა ფორმატით თანამშრომლობს საქართველოს პარლამენტთან, საქართველოს ეროვნულ უსაფრთხოების საბჭოთან, საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან, საქართველოს თავდაცვის სამინისტ­როსთან, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურთან, სახელმწიფო უსაფრ­თხოების სამსახურთან, ასევე ევროპის კრიმინოლოგიურ საზოგადოებასთან, ხოლო განსაკუთრებული საქმიანი ურთიერთობა აქვს ამერიკელ კოლეგებთან და ამერიკის კრიმინოლოგიურ საზოგადოებასთან. ამერიკიდან ჩვენს ქვეყანაში სხვადასხვა დროს მივლინებით იმყოფებოდნენ და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებსა და მრგვალ მაგიდებში მოხსენებით წარდგნენ პროფესორები: კრის ესკრიჯი, მაინ ჰუნ რო, ჯი-სან ლი.

2021 წელს ამერიკის კრიმინოლოგიური საზოგადოების რეკომენდაციით, საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიამ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სოციალურ-ეკონომიკურ საბჭოში შეიტანა განაცხადი კონსულ­ტანტის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით, აჟამად დასრულებულია სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებული პროცედურა და აკადემია უახლოეს მომავალში ელოდება საბოლოო გადაწყვეტილების მიღებას.

საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემია მემორანდუმის თანახმად, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მხარდაჭერით ახორციელებს სამეცნიერო პროექტებს:

- 2020 წლის ნოემბერში საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულმა აკადემიამ ქართულ და ინგლისურ ენაზე გამოსცა საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიე­რებათა აკადემიის წევრის, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორის, საჯარო მმართველობის დოქტორის დავით სუჯაშვილის ნაშრომი „ბავშვები-ტერორიზმის მომავალი“ წიგნის რედაქტორია საქართველოს მეცნიერე­ბათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი გიორგი კვესიტაძე, ხოლო კონსულტანტი-საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის პრეზი­დენტი, პროფესორი მალხაზ ბაძაღუა.

-2019 წელს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის უწყებებში (№11, ივნისი და №12 სექტემბერი) გამოქვეყნებულია საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემისა და საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის თანამშ­რომლობის შესახებ წერილები.

-2020 წელს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადმიის მოამბეში N3 გამოქვეყნდა პროფესორ მალხაზ ბაძაღუას ნაშრომი „თანამედროვე კრიმინო­ლოგიის ხედვები

-2021 წელს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მოამბეში N3 გამოქვეყნდა პროფესორების: მალხაზ ბაძაღუასა და დავით გონდაურის ნაშრომი

დანაშაულობის და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ურთიერთ­დამოკიდებულების დეტერმინატები

-2019 წლის 24-26 მაისს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის, ამერიკის კრიმინო­ლოგიური საზოგადოების, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და გრი­გოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ურთიერთთანამშრომლობით ჩატარდა პირველი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია: „კრიმინოლოგიის სახელმწიფო და საზოგადოებრივი მნიშვნელობა, მისი ადგილი მეცნიერებათა სისტემაში“, რომელიც მიეძღვნა ფრანგ ექიმ-ანთროპოლოგ პოლ ტოპინარის მიერ ტერმინ „კრიმინოლოგის“ შემოღებიდან 140-ე წლისთავს.

-2020 წლის 26 ივნისს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში, საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის თაოსნობით გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სამართლისა და კრიმინოლოგიის სამეც­ნიერო-კვლევით ინსტიტუტთან ურთიერთთანამშრომლობით ჩატარდა მეორე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია: „ვიქტიმოლოგიის აქტუალური საკითხები“

-2021 წლის საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში, საქართ­ველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის თაოსნობით გრიგოლ რო­ბაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სამართლისა და კრიმინოლოგიის სამეც­ნიერო-კვლევით ინსტიტუტთან ურთიერთთანამშრომლობით ჩატარდა მესამე საერთაშოისო სამეცნიერო კონფერენცია: „დანაშაულობის კვლევის აქტუალური საკითხები“, რომელიც მიეძღვნა ა(ა)იპი დანაშაულობის კვლევისა და პროგნო­ზირების ცენტრის დაარსებიდან 20 წლის იუბილეს.

-2022 წლის21-23 ივნისს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიასა და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში საქართველოს კრიმინო­ლოგიის მეცნიერებათა აკადემიის თაოსნობით გაიმართა მრგვალი მაგიდები: „ორგანიზებული დანაშაულობა“ და „კრიმინოლოგიის როლი გლობალურ სამყაროში“, ორივე შემთხვევაში ძირითადი მომხსენებელი იყო ამერიკის კრიმი­ნოლოგიური საზოგადოების აღმასრულებელი დირექტორი, პროფესორი კრის ესკრიჯი, რომელსაც საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულმა აკადემიამ და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტმა უმასპინძლეს.

აღნიშნულ საერთაშორისო კონფერენციებსა და მრგვალი მაგიდების მუშაობაში პირდაპირი და დისტანციური ფორმით მონაწილეობას იღებდნენ როგორც ქართველი, ასევე უცხოელი მეცნიერები, მასალები გამოქვეყნდა ჟურნალ „კრიმინოლოგის“ 1(14), 1(15), და 1(16) ნომრებში.

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, საქართველოს კრიმინო­ლოგიის მეცნიერებათა აკადემიასრთან ერთად აქტიურად ეხმარება და მონაწილეობს საქართველოს იუსტიიის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევით საქმიანობაში, კერძოდ აკადემიის წარმომადგენელი, პროფესორი მალხაზ ბაძაღუა არჩეულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს წევრად, საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემია, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიასა და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სამართლისა და კრიმინოლოგიის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტთან თანამშრომლობით, 2021-2022 წლებში განახორციელა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საგრანტო პროექტი „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების ფუნქციონირების აუცილებლობის შესახებ“, ამ პროექტის საფუძველზე შეიქმნა სპეციალური სამეცნიერო კონცეფცია რომელიც გამოიცა ცალკე წიგნად.

2020 წელს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის გადაწყვეტი­ლებით, საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის წევრს, პროფე­სორ მინდია უგრეხელიძეს მიენიჭა ეროვნული აკადემიის თინათინ წერეთლის სახელობის პრემია, კრიმინოლოგიური საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია, რომ 2022 წელს პროფესორი მინდია უგრეხელიძე არჩეული იქნა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ნამდვილ წევრად-აკადემიკოსად.

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, საქართველოს კრიმინო­ლოგიის მეცნიერებათა აკადემიასთან ერთად მუშაობს ევროკომისიის 12 რეკო­მენდაციიდან მე-4 და მე-6 პირობაზე, რომელიც ეხება ანტიკორუფციულ საქმია­ნობასა და ორგანიზებული დანაშაულობის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერებას. ვფიქრობთ, სასარგებლო იქნება საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში საქართველოს პარლამენტში შექმნილ სამუშაო ჯგუფებთან ერთად მოხდეს ევროკომისიის რეკომენდაციებზე არსებული წინადადებების განხილვა სამეცნი­ერო კონფერენციაზე.

აქვე აღსანიშნავია, რომ ამერიკის კრიმინოლოგიური საზოგადოების “ASC” „ახალი ამბების“ ჟურნალის 2022 წლის ნოემბრის ნომერში იგეგმება საინფორმაციო მასალის გამოქვეყნება, რომელიც მიეძღვნება საქართველოში კრიმინოლოგიის მეცნიერების განვითარების საკითხებს.

 

საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი;

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სამართლისა და კრიმინოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი,
პროფესორი მალხაზ ბაძაღუა

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტის

მრჩეველი, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობის საკითხებში