2023 წლის 16 მარტს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში გაიმართა წმინდა გიორგი ჭყონდიდელის სახელობის აკადემიის ჟურნალ „აკადემიის მოამბის“ მეორე ნომრის პრეზენტაცია. ჟურნალი მიეძღვნა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტის, აკადემიკოს გიორგი კვესიტაძის 80 წლის იუბილესთან დაკავშირებულ სამეცნიერო კონფერენციას „გლობალური ბიოლოგიურ-ეკოლოგიური კონცეფცია“, რომელიც 2022 წლის 1-2 სექტემბერს ჭყონდიდელი მიტროპოლიტი სტეფანეს (კალაიჯიშვილი) ლოცვა-კურთხევით, წმინდა გიორგი ჭყონდიდელის სახელობის აკადემიის თაოსნობით, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულმა აკადემიამ, ჭყონდიდის ეპარქიამ და მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიამ ერთობლივად ჩაატარა მარტვილში, წმინდა ამბროსი ხელაიას სახელობის საგანმანათლებლო ცენტრში.
ჟურნალის წარდგენას უძღვებოდა წმინდა გიორგი ჭყონდიდელის სახელობის აკადემიის თანადამფუძნებელი, საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, პროფესორი მალხაზ ბაძაღუა. ჟურნალთან და აკადემიკოს გიორგი კვესიტაძის იუბილესთან დაკავშირებით მოსაზრებები გამოთქვეს: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ვიცე-პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა, ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა სტეფანემ, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოს-მდივანმა, აკადემიკოსმა რამაზ ხუროძემ, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსებმა: მინდია უგრეხელიძემ, თამაზ შილაკაძემ, ელიზბარ ჯაველიძემ, თინათინ სადუნიშვილმა, რამაზ გახოკიძემ. გამომსვლელებმა აღნიშნეს, საქართველოს საპატრიარქოსა და საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ურთიერთთანამშრომლობის მნიშვნელობაზე, ასევე მაღალი შეფასება მისცეს ჟურნალ „აკადემიის მოამბის“ მე-2 ნაშრომის გამოცემას.