2019 წლის 24-26 მაისს საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემია, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურიერთობების ფაკულტეტთან და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სამართლისა და კრიმინოლოგიის სამეცნიერო - კვლევით ინსტიტუტთან ერთად საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის და ამერიკის კრიმინოლოგიის საზოგადოების მხარდაჭერით, ატარებს საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას თემაზე: „კრიმინოლოგიის სახელმწიფო და საზოგადოებრივი მნიშვნელობა, მისი ადგილი მეცნიერებათა სისტემაში“, რომელიც ეძღვნება ფრანგი ექიმი-ანთროპოლოგის პოლ ტოპინარის მიერ ტერმინ „კრიმინოლოგის“ შემოღების 140-ე წლისთავს.
კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა და საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის წევრები; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის; გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის; სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის; ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის; თინათინ წერეთლის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის; გურამ თავართქილაძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტის; საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის; ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები; თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის მეცნიერ-მკვლევრებთან ერთად ამერიკის კრიმინოლოგიის საზოგადოების წევრი მეცნიერ-მკვლევრები.
კონფერენციის პროგრამით გათვალისწინებულია:
24 მაისი - პარასკევი
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში კონფერენციის მონაწილეების შეხვედრა და საჯარო ლექციები;
25 მაისი - შაბათი
კონფერენცია - საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდიუმის სხდომათა დარბაზში (თბილისი, შოთა რუსთაველის გამზირი 52, მე-3 სართული)
26 მაისი- კვირა
ექსკურსია სტუმრებისათვის თბილისსა და მცხეთაში.
კონფერენციაზე მოწვეულნი არიან: სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციების, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსა და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლები.